გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებზე აქცია გრძელდება. ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ სამინისტროსგან განმარტებას, რატომ არ უშვებენ მათ უწყების ტერიტორიაზე. როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ორი დღეა მათ ამის მიზეზად "არასამუშაო დღეებს" უსახელებენ.
"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანონიერი უფლებაა პროტესტის წარმოება, საჯარო სივრცეა და აქ გადაადგილება ასევე არის ჩვენი კანონიერი უფლება. ორი დღეა იმიზეზებენ იმას, რომ არასამუშაო დღეები იყო და ამიტომ არ გვქონდა ამ კარში გავლის უფლება იმიტომ, რომ საშვი ვერ დაიშვებოდა.
ახლა ხომ არის ორშაბათი, სამუშაო დღე - გააკეთოს თვითონ სამინისტრომ განმარტება, ჩვენ შეგნებულად არ გვინდა პოლიციასთან საუბარი.
პოლიცია ჩვენთან ძალის ენით საუბრობს და არა კანონის ენით. ვეუბნებით, რომ მუხლი გვაჩვენეთ, რის საფუძველზეც არ შეგვიძლია და მუხლი არ მოაქვთ კანონის შესაბამისი, რომელიც ცხადყოფს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, რასაც ვასახელებთ", - განაცხადა მან.
18 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში კოლონებით ჩამოვიდნენ. აქციის დროს შსს-მ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
მოგვიანებით შსს-მ გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს.
სასამართლომ 11-ვე დაკავებული დარბაზიდან 19 ნოემბერს გაათავისუფლა, პროცესები შემდეგი კვირისთვის გადაიდო - 8 მოქალაქის სხდომა 29 ნოემბერს, ხოლო 3-ის 30 ნოემბერს ჩაინიშნა.
***
მოძრაობა რიონის ხეობის გადასარჩენად და ადგილობრივები ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე გადაცემული ლიცენზიის გაუქმებას უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ.
სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.
ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.
21 ოქტომბერს გარემოს დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია, შესაძლოა, გადაიხედოს. მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტრო ხიდაშელის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა დაასახელეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინვესტორმა არ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომლის ვალდებულებაც აქვს ყველას, ვინც სახელმწიფოსგან ლიცენზიას იღებს, შესაბამისად, როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, დაჯარიმეს პროცესი დაიწყეს.
გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან ერთად განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნაზე მუშაობს და გეგმავენ, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ეს საკითხი შეიტანონ.
15 ნოემბერს ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. როგორც მის მიერ ფორმულასთვის მიწოდებული განცხადებიდან ირკვევა, ხიდაშელმა "გაუგებრობების აცილებისა და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო", რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა.
მომდევნო დღეს კი გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, რომ სხვა ვალდებულებებთან ერთად, ლიზენციის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა არცერთი პირობა არ შეასრულა. ასევე, თქვეს, რომ "დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით".
ორგანიზატორები როგორც გარემოს დაცვის, ასევე, ხიდაშელის განცხადებებს არადამაჯერებელს უწოდებენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროცესი უფრო ბუნდოვანი გახდა, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროტესტი თბილისში გაეგრძელებინათ.